უკან

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - გათბობის სისტემების ევოლუცია

25.08.2019

სახლის კომფორტს უამრავი დეტალი ქმნის - რბილი, მოსახერხებელი სავარძლით დაწყებული, მწვანე და ჟანგბადით სავსე მცენარით დამთავრებული, ყველაფერი მნიშვნელოვანი ატრიბუტია იმისთვის, რომ თავი მშვიდად ვიგრძნოთ. თუმცა არსებობს ძირითადი და აუცილებელი პირობები, რომლებიც საძირკველივით მნიშვნელოვანია და ამავდროულად სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტიცაა. ერთ-ერთი ასეთი გათბობის სისტემაა, რომელზე ზრუნვაც ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო.

ეს არც ღუმელი იყო და მითუმეტეს არც შუაცეცხლი. საუკუნეების წინ, ძველ საბერძნეთში ბევრ სხვა იდეასთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები იატაკქვეშა გათბობის სისტემა გამოიგონეს. ეს იდეა, რა თქმა უნდა, განვითარდა, დაიხვეწა და განხორციელდა რომის იმპერიაში.

თანამედროვე გათბობის სისტემებს შორის ყველაზე გამართულ მოდელს, ძველ რომში ჰიპოკაუსტი ერქვა. ეს იყო პირველი იატაკქვეშა გათბობის სისტემა. რომაელები შენობების იატაქს აგებდნენ სვეტებზე, რომლების საშუალებითაც საძირკველსა და იატაკს შორის იქმნებოდა საჰაერო სივრცეები და სადინარები. ღუმელში დანთებული ცეცხლის მიერ გამოყოფილი თბილი ჰაერი სვეტებს შორის არსებულ ცარიელ ადგილას გროვდებოდა და ასე თბებოდა შენობები. 

გათბობის მსგავსი ტექნიკა ჰქონდათ აღმოსავლეთში. თუ რომაელები იატაკქვეშა სისტემას ძირითადად აბანოების შენობებში იყენებდნენ, კორეაში ასე საცხოვრებელ სახლებს ათბობდნენ. კორეული სახლები ისე იგებოდა, რომ როდესაც სამზარეულოს ღუმელში ცეცხლი აინთებოდა, მისი კვამლი იატაკქვეშა სივრცეში გადიოდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ისინი იატაკზე ჯდომასა და ძილს იყვნენ მიჩვეულები. გათბობის ამ საშუალებას ონდოლი ჰქვია და მას თანამედროვე კორეაშიც იყენებენ.


გათბობაზე ფიქრისას, ალბათ პირველი რაც გონებაში მოგვდის მაინც ცეცხლია. ცეცხლის შემდეგ კი ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობიდან არცთუ ისე ბევრი დრო აშორებთ, ბუხარი ახსენდებათ. ტკაცა-ტკუცით და თბილი სიხარულით სავსე ბუხარი, დღეს არც თუ ისე ეფექტური, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და უკვე რიტუალური გათბობის საშუალებაა.

ბუხრები, რომლებიც მთლიანად ქვისგან იყო აგებული მეცამეტე საუკუნის ციხესიმაგრეებში გვხვდება. შემდეგი საუკუნეების ბუხრები უკვე თუჯისა და სხვა მასალისგან გვხვდება. მეტად თუ ნაკლენად დახვეწილი ფორმით ის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფაქტობრივად შეუცვლელი საშუალება იყო. ამ პერიოდში ცხოვრების გამარტივებისა და ახალი ტექნიკების გამოგონების თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. საბოლოოდ კი მეთექვსმეტე საუკუნეში დავიწყებული ცირკულარული სისტემა კვლავ დაუბრუნდა მოხმარებას.

რუსეთში პეტრე დიდებულმა საზაფხულო სასახლე ცხელი წყლის გათბობის სისტემით ააშენა.

განვითარებას რა თქმა უნდა არც ოკეანეს მიღმა მყოფი ამერიკა ჩამორჩა, სადაც 1741 წელს ფრანკლინმა ღუმელი გამოიგონა. ასეთი ღუმელი უფრო კარგად ინარჩუნებდა და გამოყოფდა სითბოს, იყო ყველაზე უსაფრთხო და თან მრავალმხრივი დატვირთვაც ჰქონდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ინგლისში უილიამ ჰუკმა პირველად შემოგვთავაზა ორთქლის გათბობის სისტემა. 1750 წელს დოქტორმა თომას უოკერმა ქვანახშირი აღმოაჩინა და გამოიყენა.
განვითარება საკმაოდ სწრაფი იყო. ინდუსტრიულმა რევოლუციამ თავისი ქნა და ადამიანებმა სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს ინოვაციური საშუალებების გამოყენება. ელექტროენერგია, არა მხოლოდ განათების, არამედ გათბობის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად იქცა. ცენტრალური გათბობის ცნება თავიდან გაჩნდა ისე, თოთქოს არასდროს არსებულიყო.


საუკუნეები დაგვჭირდა, რომ ჯერ ცენტრალური, შემდეგ კი იატაკქვეშა გათბობის სისტემა „გაგვეხსენებინა“. ხშირად ამბობენ და ალბათ მართალია, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. კომფორტიც სიმარტივეშია და კაცობრიობის ისტორიაში პირველი აზრი გათბობის სისტემის შესახებ, დღემდე საუკეთესო იდეად რჩება.

დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება