უკან

რას ვუწოდებთ გამწვანებას "ნამაი ვაკეში" - ინტერვიუ "ევროპლანტ ჯორჯიას" დამფუძნებელთან

19.10.2021

დღევანდელმა ეკოლოგიურმა ვითარებამ გამწვანების მნიშვნელობა დეველოპერულ სფეროში სხვა სიმაღლეზე აიყვანა და არქიტექტურაში ცალკე მიმართულებად ჩამოაყალიბა. აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გამწვანება არ მოიცავს მხოლოდ ხეების ჩარგვას, არამედ ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც სიღრმისეული ფიქრი და სწორი დაგეგმარება სჭირდება. 

“ნამაი ვაკეს” ტერიტორიის  კომპლექსის მწვანე მიმართულებაზე კომპანია “ევროპლანტ ჯორჯია” მუშაობს. იმისთვის, რომ კარგად გვესმოდეს, თუ რა იგულისხმება, როდესაც ვსაუბრობთ “ნამაი ვაკეს” გამწვანებაზე, გთავაზობთ ინტერვიუს “ევროპლანტ ჯორჯიას” დამფუძნებელთან, სერგო ბუიღლიშვილთან. 

 

ბატონო სერგო, პირველ რიგში, საინტერესო იქნება მკითხველს ვუამბოთ თუ რას საქმიანობს ევროპლანტი “ნამაი ვაკეში”? 

ჩვენი კომპანია ბალტიკ ინვესტმენთ ჯგუფთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ნამაის შემთხვევაში, ჩვენ ვახორციელებთ უკვე არსებული პროექტის ადაპტაციას იმ გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ეს კომპლექსი გეოგრაფიულად მდებარეობს. ჩვენს უკრაინელ კოლეგა — ლანდშაფტის არქიტექტურულ ჯგუფთან ერთად შევიმუშავეთ ლანდშაფტის ახალი პროექტი, რომლის დაახლოებით 80% მწვანე სახურავის პრინციპითაა დაპროექტებული, დანარჩენი კი ბუნებრივ ნიადაგს მოიცავს. ვმუშაობთ როგორც მყარ ლანდშაფტზე, ბილიკისა და გზების, ფურნიტურის, განათებისა და სარწყავი სისტემების მოწყობაზე, ასევე, დენდროლოგიურ ნაწილზეც: ბალახის, გაზონის, ხეებისა და მცენარეების არჩევასა და ჩარგვა-მოვლაზე. 

თქვენ ახსენეთ, რომ კომპლექსის უდიდესი ნაწილი მწვანე გადახურვის პრინციპით არის დაპროექტებული, რას ნიშნავს მწვანე გადახურვა?

ბოლო წლებში, მსოფლიო მასშტაბით, ურბანულ სივრცეში ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად გაიზარდა მწვანე სახურავების მოწყობის ტენდენცია. მწვანე გადახურვაში იგულისხმება ყველა გამწვანებული სივრცე, რომელიც უშუალოდ ბუნებრივ ნიადაგს არ ეხება. ანუ, ეს მიდგომა არ ითვალისწინებს მაინცდამაინც ბაღს სახურავზე, შესაძლოა გამწვანება გაკეთდეს აივნებზე, ტერასებზე, საერთო სივრცეებსა და ავტოფარეხზეც კი.

ეს თემა საკმაოდ სპეციფიკურია და შესაბამისად, სპეციალურ მიდგომებსაც საჭიროებს. მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ზომიერი რწყვა, ასევე მიღებული უხვი ტენის დროული მოცილება. უმეტეს შემთხვევაში, ზედმეტი სინესტე უფრო საშიშია ხოლმე, ვიდრე სარწყავი წყლის ნაკლებობა. როცა ვსაუბრობთ მწვანე გადახურვაზე, საჭიროა თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური გადაწყვეტა მივუსადაგოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნიადაგი და მცენარეები ხვდებიან არაბუნებრივ გარემოში, საჭიროა, მათთვის მოეწყოს სპეციალური პირობები, რომლებშიც ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ. 

მაგალითად, დაუშვებელია ჩვეულებრივი მიწის მოჭრა ბუნებრივი გარემოდან და მისი პირდაპირ გადატანა სასურველ ადგილას, მწვანე გადახურვისას, ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, როგორც წონის მხრივ, ისე თვისობრივად, რათა მოხდეს საკმარისი აერაცია და მიწა სწრაფად ატარებდეს წყალს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველო მძიმე ნიადაგებით ხასიათდება და მასში ფიზიკური თიხის ფრაქცია საკმაოდ მაღალია, ასეთი ტიპის ნიადაგს სჭირდება გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა — სპეციალურ სუბსტრატად (ნაზავად) გადამუშავება სხვადასხვა მინარევებით.

“ნამაი ვაკეში” სწორედ ასეთ დეტალებს ვითვალისწინებთ. სადრენაჟე სისტემების სენდვიჩის მოწყობის შემდეგ ზემოდან სპეციალურ სავეგეტაციო ნაზავი შეგვაქვს და მხოლოდ ამის შემდგომ ვრგავთ მცენარეებს. 

ევროპლანტ ჯორჯია ამ მიმართულებით თანამშრომლობს “მწვანე სახურავების” ტექნოლოგიების მწარმოებელ, მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ, გერმანულ კომპანია ZinCo-სთან.

 

რა უპირატესობა აქვს მწვანე გადახურვას გარემოსთვის?

ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია მხოლოდ ხე-მცენარეების ჩარგვა და თანაც მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი ჟანგბადი გამოვიმუშავოთ. სინამდვილეში, პლანეტა დედამიწაზე ჟანგბადი საკმარისია, ასეთი პატარა ჩანართებით კი, ჟანგბადის უმნიშვნელო რაოდენობას თუ გამოვიმუშავებთ. რეალურად, გამწვანება მნიშვნელოვანია იმით, რომ მოხდეს ნახშიროჟანგის შთანთქმა. ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის მწვანე და არამყარი საფარი იმისთვის, რომ უფრო მეტი ნახშიროჟანგი და მტვერი შთაინთქას და სითბურმა ეფექტმა დაიწიოს. 

უკეთ რომ განვმარტოთ, ურბანულ გარემოში, სადაც შუშისა და ბეტონის ბევრი შენობა-ნაგებობაა, უხვადაა ასფალტისა და ბეტონის სივრცეები, მყარი საფარი ხურდება და ტემპერატურას ზრდის, რასაც ეკოლოგიურ კატასტროფებამდე მივყავართ.სწორედ ამისგან გვარიდებს თავს სწორად დაგეგმარებული მწვანე საფარი. 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს მოვარდნილი წყლების (stormwater management) , სწორი განკარგვის პოტენციალი. როდესაც ბუნებრივად მოსული ნალექი მყარ ზედაპირს ესხმევა, ის ხვდება სადრენაჟო სისტემაში, რომელიც ჩაედინება მდინარეში, რაც იწვევს შემდგომში წყალდიდობებს. გამოდის, რომ ასეთი ტიპის სისტემა კომპლექსში რაც უფრო სწორად იქნება დაგეგმარებული, მწვანე საფარი მით მეტ ბუნებრივ ნალექს შეითვისებს და სანიაღვრე სისტემაში ნაკლები წყალი ჩავა, ეს კი გარემოს თავიდან აარიდებს წყალდიდობების საფრთხეს. ამას გარდა, სწორად გადაწყვეტილი სადრენაჟე სისტემებითა და სპეციალური სუბსტრატებით მოწყობილ სახურავზე მოხვედრილი წყალი დროულად და შეუფერხებლად ხვდება ქვედა შრეებში, რაც წინაპირობაა იმის, რომ სავეგეტაციო შრე იყოს სიცოცხლისუნარიანი და ასევე დაიცვას შენობის ჰიდროიზოლაცია დაზიანებისგან.  

რა გაითვალისწინეთ “ნამაი ვაკეს” ლანდშაფტის დაგეგმარებისას?

ვეცადეთ სივრცე მეტად დაგვეტვირთა გაზონითა და ნიადაგმფარავი მცენარეებით, რომელიც გამოდგებოდა როგორც სიარულისთვის, ისე პიკნიკისთვის. შევარჩიეთ სპეციალური ჯიშის ბუჩქები და ხეები, რომელიც ჩვენს კლიმატური პირობებს ერგება და თან მინიმალურად ალერგიულია. დამატებით, გავითვალისწინეთ ხეებისგან მიღებული საჩრდილობელი ფაქტორები, ქარსაცავი ზოლები და მცენარეების ადგილმდებარეობის მიხედვით რა — სად უკეთ გაიზრდებოდა.

ასევე, აქ აღსანიშნავია დეკორატიული მიმართულება. გვსურდა, რომ წელიწადის ყველა დრო თავისებურად მიმზიდველი და საინტერესო ყოფილიყო, ამიტომ ჩავრგეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც ტერიტორიას მრავალფეროვანს გახდიდა. ამისთვის, გავაკეთეთ ჩანართები მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხეების მეშვეობით. ამ მხრივ, ვიფიქრეთ სივრცეების შინაარსობრივ მხარეზეც და მაგალითად, ბავშვების სათამაშო მოედანზე დავრგეთ უსაფრთხო, ნაკლებად დამაზიანებელი მცენარეები და მეტი მწვანე საფარი. 

რა არის ის მახასიათებლები, რითიც “ნამაი ვაკეს” სხვა კომპლექსებისგან გამოარჩევდით?

აღსანიშნავია, რომ  ნამაის გუნდს სურვილი ჰქონდა არა მხოლოდ თავის წითელ ხაზებსა და ჩარჩოებში მოეწესრიგებინა სივრცე, არამედ იმ მიმდებარე ტერიტორიაზეც ეზრუნა, რომელიც კუს ტბის პლატოს უერთდება. ვიტყოდი, რომ მთავარი, რითიც “ნამაი ვაკე” გამოირჩევა — მისი მიდგომებია. გამწვანების მიმართულებით, ნამაის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, არა უბრალოდ მწვანე სივრცის შექმნა, არამედ ძალიან დეტალურად ნაფიქრი გეგმა, რომელიც მოერგებოდა მობინადრეებს და იზრუნებდა, როგორც მათ ფიზიკურ, ისე სულიერ კომფორტსა და რა თქმა უნდა, ეკოლოგიურ მხარეზე. 



დაგვიკავშირდით

სახელი
ტელეფონის ნომერი
E-mail*
შეტყობინება